Friday, January 18, 2013

საქართველოში უპატრონო ბავშვთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. ყოველწლიურად ბავშვთა სახლებში ბავშვთა ჩაბარების შემთხვევების რაოდენობა როგორც წესი ბავშვთა სახლებიდან გაშვილებულთა რაოდენობას აღემატება.
მაგალითად, 2009 წლის მონაცემებით, საქართველოს ბავშვთა სახლებიდან 70-მდე პატარა გააშვილეს, 90-მდე კი პირიქით, ბავშვთა სახლში იქნა ჩაბარებული. ამის შესახებ სააგენტო "პირველს" ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსმა გიორგი კაკაჩიამ განუცხადა. 
მისივე თქმით, საქართველოში 21 ბავშვთა სახლია, სადაც 1400-მდე მოზარდი ცხოვრობს. მათგან 2 დაწესებულებაში - 0-დან 6 წლამდე ასაკის, კიდევ 2-ში კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარები არიან გადანაწილებული. 
გარდა ამისა არის 15 სპეციალიზებული სკოლა-ინტერნატი, სადაც სმენადაქვეითებული, გონებაშეზღუდული და ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები ცხოვრობენ.
სპეციალისტთა შეფასებით, უპატრონო ბავშვთა რაოდენობის ზრდის შესაჩერებლად 2 მიმართულებითაა საჭირო გადაწყვეტილებების მიღება - პირველ რიგში უნდა გამარტივდეს შვილად აყვანის პროცედურები, ბავშვის ბავშვთა სახლში დატოვებისა კი პირიქით - გართულდეს.
წყნეთის ბავშვთა სახლის უფროსის მირანდა მუმლაძის თქმით, ყველაზე მეტი ბენეფიციარი 2009 წელს ჰყავდათ. არის შემთხვევები, როდესაც მათთან უნარშეზღუდული უპატრონო ბავშვები მიჰყავთ, თუმცა ძირიდად, მაინც სოციალურად დაუცველი ფენები მიმართავენ.
"წყნეთის ბავშვთა სახლში 2008 წლის პირველი აგვისტოდან ვმუშაობ. ჩვენი დაწესებულება 110 ბენეფიციარზეა გათვლილი. გასულ წელს იყო შემთხევა, როდესაც 109 აღსაზრდელი გვყავდა. აქედან რამდენიმე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. 
"ახლა 106 აღსაზრდელია. მაჩვენებელი თითქმის ყოველთვიურად იცვლება, თუმცა, 100-ზე ქვევით არ ჩამოსულა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენთან ძირითადად შეჭირვებული ოჯახების შვილები არიან, თუმცა, არიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები ციხეში ჰყავთ. არის შემთხვევა, როდესაც დედა მეძავია, და უმჯობესია ბავშვი ჩვენთან იყოს. საბოლო ჯამში მაინც მძიმე სოციალური ფონის გამო არიან. 
"ბავშვთა სახლებში ბენეფიციართა რაოდენობა უნდა კლებულობდეს. ბავშვის აყვანის მსურველს ჯანდაცვის სამინისტროში ვაგზავნით, სადაც არსებული სპეციალური სააგენტოს იურისტები უკვე კონკრეტულ პასუხებს სცემენ. 
"ვფიქრობ, რომ შვილად აყვანის კანონი არის დასახვეწი. ამაზე მუშაობს სახელმწიფო და ბავშვთა სახლის დირექტორებიც არიან ჩართული. ხშირად, ბავშვთა სახლებში ისეთი აღსაზრდელები არიან, რომლებსაც ჰყავთ დედა, მაგრამ არ აკითხავენ. კანონში იდება მუხლი, რომ დედა ვალდებულია ორ თვეში ერთხელ აუცილებალდ ინახულოს ბავშვი, თუ ციხეში არ ზის, საზღვარგარეთ არ არის ან სხვა რაიმე გამოუვალი სიტუაცია თუ არ აქვს. ამით კანონი, ფაქტობრივად, ავალდებულებს მშობელს ან მის კანონიერ მემკვიდრეს, გარკვეული მზრუნველობა იქონიოს შვილზე. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას და ბავშვი ჩადგება, ასე ვთქვათ, გასაშვილებელ ბავშვთა სიაში. 
"თუ დედა არ წერს განცხადებას, რომ მზადაა ბავშვი გააშვილოს, სასამართლო ვერ გააშვილებს ასეთ ბავშვებს. არადა ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია. ჩვენთან თითქმის ყველას ჰყავს მეურვე, თუმცა ისეთებიც არიან, რომლის მშობლებსაც არ ვიცნობ, არ აკითხავენ შვილებს, მაგრამ ვიცი, რომ ცოცხლები არიან. 
"რაც შეეხება ბავშვთა სახლში ჩარიცხვას, ვფიქრობ, რომ რთული პროცედურა უნდა იყოს. მარტივად არც ხდება - მშობელი რომ მოვიდეს და თქვას, რომ ბავშვის დატოვება უნდა, ჯერ მდგომარეობა სოციალურმა მუშაკმა უნდა შეაფასოს, რომ ოჯახს ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის პირობები არ აქვს. შემდეგ სოცმუშაკი წერს დასკვნას და ამის საფუძველზე ირიცხებიან ჩვენთან. თუმცა, იქამდე სოცმუშაკი ოჯახს ბევრ სხვა გზას სთავაზობს. სახელმწიფოს მიერ ხდება სამუშაოს შეთავაზება, რომ რამენაირად ბავშვი არ მოხვდეს ჩვენთან. შეიძლება უბრალოდ მშობელს არ უნდოდეს მუშაობა და პასუხისმგებლობის აღება. 
"ამასთან, გაშვილების შემდეგ აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს მონიტორინგი, როგორ გრძნობს ბავშვი თავს და როგორ მიმდინარეობს შეგუების პროცესი", - ამბობს მირანდა მუმლაძე.
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის უფროსი ირინე ბექურიძე კი ამბობს, რომ ბავშვთა სახლებში ბენეფიციარების გადინება-შედინებას რამდენიმე კონკრეტული პირობის შექმნა დაარეგულიებს.
"ახლა კანონმდებლობა იხვეწება, რომ ბავშვებს მიეცეთ უფლება ოჯახურ გარემოში აღიზარნონ, პრიორიტეტი იყოს ბავშვის უფლებები. არსებობს კიდევ მეურვეობა და მზრუნველობა. 
"ბავშვების გადინება ჩვენგან მომატებულია. 0-6 წლამდე აღსაზრდელები გვყავს. აქედან გამომდინარე, მიტოვების ალბათობა უფრო ხშირია ხოლმე. ასევე არის დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევაში გაჩენილი ბავშვები. არიან უნარშეზღუდული ბავშვები, რომლებიც ვერ თავსდებიან მშობლებთან. 
"მიტოვებულ ბავშვს გაშვილების სტატუსი ადვილად ენიჭება. მინდა ვთქვა, რომ გადინებაც ხშირია და შემოდინება, წელიწადში 100-120 - უტოლდება ეს მაჩვენებლები. 
"ბავშვთა სახლში შვილის დატოვება, წინა წლებთან შედარებით, დარეგულირებულია. ახლა გადაწყვეტილებას სპეციალური საბჭო იღებს, ხდება ოჯახის რესურსებისა და გადაწყვეტილების ზომიერების აწონ-დაწონვა. ეს როცა ოჯახია. თუ ბავშვი მიტოვებულია და ნაპოვნია, თავისთავად სახელმწიფო მასზე მზრუნველობას კისრულობს. 
"გაშვილების ხელის შემშლელია, როდესაც დედა ჩვენთან ტოვებს ბავშვს, ოღონდ დროებით; არ წერს განცხადებას, რომ უარს ამბობს ბავშვზე. თუ ასე არ მოხდა, გაშვილების უფლება არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან მცირეა გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა და ყველა მსურველის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. იმისთვის, რომ ბავშვთა სახლებში ბავშვების დამტოვებელთა რაოდენობა შემცირდეს, საჭიროა სერვისები, დღის ცენტრები, დამხმარე მომსახურება მარტოხელა დედებისათვის, რომელიც დედა-შვილის ურთიერთობას შეუწყობს ხელს. 
"არის კიდევ ერთი პრობლემა, საზოგადოების სტიგმა - ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვი. ამ მხრივ გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი", - ამბობს ბექურიძე. 
საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე მანანა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ შვილები ბავშვთა სახლებში ძირითადად მძიმე სოციალური პირობების გამო მიჰყავთ და ამიტომ კანონში ცვლილებების შეტანაზე მეტად სახელმწიფომ ამ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს. მისივე თქმით, დასახვეწია შვილად აყვანის კანონიც, თუმცა მისი ძალიან გამარტივებაც არ ივარგებს.
"შვილად აყვანა მართლაც რომ რთული პროცედურაა, სერიოზული საფეხურებია გასავლელი. ამ მხრივ აუცილებელია ცვლილებები, თუმცა, ძალიან გამარტივებაც არ ივარგებს. პირადად მქონია შეხება, როცა კეთილსინდისიერ ოჯახებს, რომლებიც გაზრდიან და აღზრდიან ბავშვს, სურთ მისი შვილება და წლების განმავლობაში დგანან რიგში. გარდა ამისა შეზღუდულია ასაკიც. 
"აქ გამარტივებაზე კი არა, კორუფციასთან ბრძოლაზე უნდა იყოს მუშაობა. ვიცით რამდენი უკანონო გაშვილება ხდება. მათ ძალიან მცირე ნაწილს იჭერენ, რაც ზღვაში წვეთია. კატეგორიულად არ ვეთანხმები საზღვარგარეთ გაშვილებას, როცა საკუთარ ქვეყანაში ბავშვის ამდენი მსურველია. ამის აღმოსფხვრელად ნაკლებად კორუფციული კანომდებლობა უნდა შეიქმნას, უნდა შეისწავლონ სავარაუდო მშობლების ფინანსური მდგომარეობა, რაც ახლა დევს კანონში. ამასთან ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ამ მიმართულებით უნდა შემოწმდეს ბავშვიც. ხშირად ისეც მომხდარა, რომ ბავშვი არ აღმოჩენილა ჯანმრთელი და დაუბრუნებიათ უკან. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესია. 
"რაც შეეხება თავად ბავშვთა სახლში დატოვებას, ამ შემთხვევაში მთავარია სახელმწიფო პოლიტიკა იყოს სწორად მიმართული. მშობელი არ უნდა იყოს უფუნქციო, რომ შეძლოს საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელება. საკრებულოში ყოფნისას გავაკეთე სახელმწიფო დონეზე პროგრამა ე.წ. ქუჩის ბავშვებზე. მათი მშობლები ზოგის ტრეფიკინგში იყო, ზოგი საზღვარგარეთ მუშაობდა, ზოგი ციხეში და ა. შ. კონცეფცია უნდა იყოს ისეთი, რომ ეს ბავშვთა სახლი არ იყოს ღია დაწესებულება, რომ ბავშვს არ შეეძლოს საკუთარი სურვილით გასვლა და ისევ ქუჩაში ყოფნა. ღამეც იქ უნდა იყვნენ. 
"არის კიდევ გაშვილებულობის კანონი. ეს ნამდვილად არაა ცუდი პროგრამა - ფულს უხდიან ოჯახებს და იქ 18 წლამდე ცხოვრობენ. თუმცა, მათაც შემდეგ უკვე არც სამსახური აქვთ და არც სახლი და იგივე მძიმე სოციალურ პრობლემებამდე მივდივართ",